რეგიონული ლიგა. ვიტ ჯორჯია II 7:1 ვოიაჟი

11 ოქტომბერი 2017

რეგიონული ლიგის გ ჯგუფის მორიგი ტურის შეხვედრა გამართა ვიტ ჯორჯიას სარეზერვო გუნდმა. ვეტერინარებმა მცხეთა პარკზე საფეხბურთო კლუბ ვოიაჟს უმასპინძლეს და მეტოქე დიდი ანგარიშით – 7:1 დაამარცხეს.

ვიტ ჯორჯიელებმა ტერიტორიული და სათამაშო უპირატესობა მატჩის დებიუტშივე მოიპოვეს და უკანასკნელ წუთამდე ასეც გაგრძელდა. პირველი სახიფათო მომენტი ჩვენმა მოთამაშეებმა მეხუთე წუთზე შექმნეს, გიორგი შეროზიას ჩაწოდებული ბურთის მეტოქის კარში გადაგზავნას ჯერ ზურაბ მუსელიანი შეეცადა, შემდეგ კი დიმიტრი ხუციანიძე, თუმცა მათი მცდელობა წარუმატებელი გამოდგა. თამაშის მეშვიდე წუთზე დიმიტრი ხუციანიძე ვოიაჟის მეკარესთან პირისპირ გავიდა, მისი მოტყუებაც მოახერხა, თუმცა დამასრულებელ ფაზაში ზუსტი დარტყმის შესრულება აღარ გამოუვიდა და ეპიზოდიც განიმუხტა. აღნიშნული ეპიზოდიდან ერთ წუთში ვიტ ჯორჯიელებმა ანგარიში გახსნეს, გოგა დანელიას მიერ მეტოქის საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთზე ირაკლი ზარიძემ თავით ითამაშა, კარისკენ დაარტყა და გაიტანა კიდეც – 1:0. დაპირისპირების მეათე წუთზე ანგარიშში სხვაობის გაზრდის შესაძლებლობა ზურაბ მუსელიანს მიეცა, რომელმაც ახლო მანძილიდან ვოიაჟის კარის აღება თავური დარტყმით სცადა, თუმცა სიზუსტემ უმტყუნა. მატჩის მეთექვსმეტე წუთზე ირაკლი ზარიძის წინააღმდეგ სტუმართა გუნდის ფეხბურთელმა საკუთარ საჯარიმოში თამაშის წესები დაარღვია, მატჩის არბიტრმა, მალხაზ ბეუქლიშვილმა, მყისვე თერთმეტმეტრიანის ნიშნულისაკენ მიუთითა. პენალტიდან გოლი დათო დემეტრაძემ გაიტანა – 2:0. თამაშის მეცხრამეტე წუთზე ვიტ ჯორჯიელებს კიდევ ერთი გოლის გატანა შეეძლოთ, ბექა გურასაშვილმა მოწინააღმდეგის საჯარიმოში მყოფ ირაკლი ზარიძე მონახა, ამ უკანასკნელ ბურთი დიმიტრი ხუციანიძეს დაუტოვა, რომელმაც ძლიერი დარტყმით სცადა ბურთის კარის ბადეში გახვევა, თუმცა მეკარემ საკუთარი გუნდის გადარჩენა შესძლო. ვეტერინარებმა ანგარიშში სხვაობა 21–ე წუთზე გაზარდეს, შეტევის მარცხენა ფლანგიდან დიმიტრი ხუციანიძემ ბურთი ცენტრისკენ შეიტანა, საჯარიმოს მიუახლოვდა, ძლიერად დაარტყა და მეტოქე გუნდის კიპერს შანსი არ დაუტოვა – 3:0. სტუმრებმა თამაშის 28–ე წუთზე ჩვენი კარის მიმართულებით პირველი დარტყმა განახორციელეს, ვიტ ჯორჯიელთა მეკარეს, ნიკა ქავთარაძეს ვაჟა გეგეშიძის დარტყმული ბურთის მოგერიება მოუხდა. დაპირისპირების 36–ე წუთზე ანგარიშში სხვაობა ოთხამდე გაიზარდა, ზურაბ მუსელიანის გადაცემის შემდეგ გოლი დიმიტრი ხუციანიძემ გაიტანა – 4:0. პირველი ტაიმის დასრულებამდე ხუთი წუთით ადრე გოლის გატანა შეეძლო გიორგი თაგვაშვილს, რომლის დარტყმული ბურთიც მოწინააღმდეგ გუნდის კიპერმა გაჭირვებით მოიგერია.

მეორე ნახევრის დებიუტში, 50–ე წუთზე, სტუმრებმა ანგარიშში სხვაობის შემცირება მოახერხეს, გატანილი გოლით თავი ვაჟა გეგეშიძემ გამოიჩინა – 4:1. ნიკა ქავთარაძეს ჩვენი გუნდის კარის გადარჩენა 57–ე წუთზე კიდევ ერთხელ მოუწია, მან ამჯერდ ალექსანდრე რეხვიაშვილის მიერ დარტყმული ბურთის კუთხურზე გადაგდება მოახერხა. ვიტ ჯორჯიელებმა ოთხბურთიანი სტატუს–ქვო თამაშის 62–ე წუთზე აღადგინეს, გიორგი გვასალიას ჩაწოდებულ ბურთზე ვოიაჟის ფეხბურთელმა, ბექა ასკილაშვილმა თავით ითამაშა და საბოლოოდ საკუთარ კარში ჩაჭრა – 5:1. დაპირისპირების 70–ე წუთზე ვეტერინრებმა მეტოქის კარი კიდევ ერთხელ დალაშქრეს, გოგა დანელიას გადაცემის შემდეგ გოლი გიორგი გვასალიამ გაიტანა – 6:1. ჩვენი გუნდის კიპერმა თამაშის 81–ე წუთზე რთული დარტყმულის მოგერიება მოახერხა, ახლო მანძილიდან ჩვენი კარისკენ გიორგი ხორხელმა დაარტყა, ნიკა ქავთარაძემ ეპიზოდი ზუსტად შეაფასა და გუნდი გაშვებული გოლისგან იხსნა. საფინალო ანგარიში 89–ე წუთზე დაფიქსირდა. ვიტ ჯორჯიელები შეტევაში სწრაფად გადავიდნენ, ირაკლი ზარიძემ ბურთი მეკარესთან პირისპირ გასულ გიორგი გვასალიას გადააწოდა, რომელმაც უკეთეს პოზიციაში მყოფი ბექა გურასაშვილი შენიშნა, მან კი ზუსტად დაარტყა და ფაქტობრივად ცარიელი კარში შეაგორა ბურთი – 7:1.
 
ვიტ ჯორჯია II 7:1 ვოიაჟი
გოლები:
1:0 ზარიძე (8’) 2:0 დემეტრაძე (პენ. 16’) 3:0 ხუციანიძე (21’) 4:0 ხუციანიძე (36’) 4:1 გეგეშიძე (50’) 5:1 ასკილაშვილი (ავტოგოლი 62’) 6:1 გვასალია (70) 7:1 გურასაშვილი (89’)
 
ვიტ ჯორჯია II: ქავთარაძე, დანელია, ამაშუკელი (ქისიევი 71’), სეხნიაშვილი, შეროზია, დემეტრაძე, თაგვაშვილი, ზარიძე, ხუციანიძე (ნაჭყებია 46’), გურასაშვილი, მუსელიანი (გვასალია 59’)
 
ვოიაჟი: შენგელია (შარუხია 27’), ამანათიძე, ზანდარაშვილი, ასკილაშვილი, თენაძე, წერეთელი (ხორხელი 46’), თედიაშვილი, რეხვიაშვილი, ანთიძე, კვაშილავა (პიანჩუკი 46’), გეგეშიძე

გაფრთხილება: ზანდარაშვილი, პიანჩუკი, ამანათიძე, რეხვიაშვილი

 
უკან დაბრუნება