გაგრა 1:2 ვიტ ჯორჯია [ფოტო+ვიდეო]

12 ოქტომბერი 2017
ეროვნული ლიგა ორის ოცდამეათე ტურის შეხვედრა ვიტ ჯორჯიამ სტუმრად გამართა. ვეტერინარები საქართველოს ეროვნული ნაკრების ტექნიკურ ცენტრ ბასას მოედანზე საფეხბურთო კლუბ გაგრას დაუპირისპირდნენ და მეტოქე ანგარიშით – 2:1 დაამარცხეს.

მატჩის პირველივე წუთზე გაგრელთა კარის მიმართულებით საჯარიმოს მისადგომებიდან პაატა ღუდუშაურმა დაარტყა და მცირედით ააცილა. დაპირისპირების მეცამეტე წუთზე გაგრელმა ფეხბურთელებმა საკუთარი საჯარიმოს სიახლოვეს თამაშის წესები დაარღვიეს, ჯარიმიდან პირდაპირ კარისკენ დაარტყა ზურაბ ღირდალაძემ, რომელმაც სამიზნეს ააცილა. თამაშის მეთოთხმეტე წუთზე ჩვენი კარის მიმართულებით ლევან პაპავამ დაარტყა, ვიტ ჯორჯიელთა კიპერი, ჯონი შეროზია ბურთს ადგილზე დაუხვდა და მისი ხელებში გაქვავებაც მოახერხა. თამაშის მეჩვიდმეტე და მეთვრამეტე წუთებზე ლევან პაპავამ ორჯერ შორი დისტანციიდან სცადა კარისკენ დარტყმა, თუმცა ორივე შემთხვევაში მისი მცდელობა წარუმატებელი გამოდგა, ბურთი ორივეჯერ დიდი მანძილით ასცდა კარს. თამაშის 26–ე წუთზე გაგრელთა მორიგი შეტევა საჯარიმოში ჩაწოდებით დასრულდა, სადაც დასწრებაზე ლევან პაპავამ ითამაშა, თავით დაარტყა და ააცილა. დაპირისპირების 31–ე წუთზე ჩვენი გუნდის კიპერს, ჯონი შეროზიას რთული ბურთის მოგერიება მოუხდა. ჩვენი საჯარიმოს სიახლოვეს დანიშნული სტანდარტიდან კარისკენ გიორგი ქურდაძემ ძლიერად დაარტყა, ბურთმა რიკოშეტის შემდეგ მიმართულება იცვალა, თუმცა როგორც აღვნიშნეთ, ჯონი შეროზიამ სიტუაცია კარგად შეაფასა და ბურთის ხელებში დაფიქსირება მოახერხა. მატჩის 40–ე წუთზე ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს, გიორგი ქურდაძემ ზუსტი დარტყმით საკუთარი გუნდი დააწინაურა – 0:1. ვიტ ჯორჯიელები გაშვებული გოლის შემდეგ კიდევ უფრო გააქტიურდნენ და მეტოქის კართან სახიფათო მომენტებიც მრავლად შეიქმნა. თამაშის 42–ე წუთზე გაგრელთა საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთზე დათო საჯაიამ ითამაშა, რომელმაც შერბენაზე მეურვეს დაასწრო, კარისკენ დაარტყა კიდეც, ბურთი მცველს მოხვდა და კუთხურზე გადავიდა, აღნიშნული სტანდარტიდან საჯარიმოში ზურაბ ღირდალაძემ ჩააწოდა, ბურთი ირაკლი კამლაძეს მიუვიდა, რომელმაც ზუსტი დარტყმით ფაქტობრივად ცარიელ კარში შეაგორა – 1:1.

მეორე ტაიმის დებიუტში ვიტ ჯორჯიელებს მეტოქის კარის აღების ბრწყინვალე შესაძლებლობა ჰქონდათ, თამაშის 47–ე წუთზე ზურაბ ღირდალაძემ ჯარიმიდნ ბურთი გაგრელთა მეკარის ბაქანთან დაკიდა, სადაც უმეთვალყურეოდ დარჩენილმა პაატა ღუდუშაურმა მიიღო, კარისკენ დაარტყა კიდეც და რომ არა ძელი, გოლი გარდაუვალი იყო. დაპირისპირების 61–ე წუთზე პაატა ღუდუშაურს კიდევ ერთხელ მიეცა თავის გამოჩენის საშუალება, ამჯერად მან შორი დისტანციიდან განიზრახა გაგრელთა კარის აღება, თუმცა ამჯერად სიზუსტემ უმტყუნა. მასპინძლებმა ჩვენს კარს 66–ე წუთზე სახიფათოდ შეუტიეს, შორი მანძილიდან ლევან პაპავას მიერ დარტყმული ბურთი ჯონი შეროზიამ ხელებში დააფიქსირა. აღნიშნული ეპიზოდიდან ორ წუთში პაატა ღუდუშაურის გადაცემის შემდეგ გოლის გატანა ზურაბ ღირდალაძეს შეეძლო, რომლის დარტყმულიც მცირედით ასცდა მეტოქის კარს. შეხვედრის 81–ე წუთზე ზურაბ ღირდალაძის გადაცემის შემდეგ გაგრელთა კარისკენ პაატა ღუდუშაურმა დაარტყა, ეპიზოდს კუთხური მოჰყვა. საფინალო ანგარიში 88–ე წუთზე დაფიქსირდა, გამარჯვების მომტანი გოლი კახა კახაბრიშვილმა გაიტანა, მას ასისტენტობა დათო საჯაიამ გაუწია – 2:1.
 
გაგრა 1:2 ვიტ ჯორჯია
გოლები:
1:0 ქურდაძე (40’) 1:1 კამლაძე (43’) 1:2 კახაბრიშვილი (88’)
 
გაგრა: შევჩუკი, კიკნაძე, ჯგერენაია, ჯიშკარიანი, მნათობიშვილი, გვაზავა (ცირდავა 60’), მოსიაშვილი, პაპავა (წურწუმია 75’), ქურდაძე, გაფრინდაშვილი, ქანთარია (ხინთიბიძე 68’)
 
ვიტ ჯორჯია: შეროზია, საჯაია, გურამ გურეშიძე, ჩაკვეტაძე, მუხულიშვილი, ექვთიმიშვილი (ვეკუა 46’), ღუდუშაური (კაკუშაძე 84’), ჩიტიშვილი, დავლაშელიძე (კახაბრიშვილი 68’), კამლაძე, ღირდალაძე
 
გაფრთხილება: ქურდაძე, გაფრინდაშვილი, ცირდავა, მოსიაშვილი – გურამ გურეშიძე, დავლაშელიძე
უკან დაბრუნება